წინასარაგბო მზადება – გურჯისტან კაზანაჯაკ !

March 17, 2010

რამდენიმე კვირის წინ დავწერე ამაზე პოსტი, მაგრამ ზეგ მივდივარ და რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია… შესაბამისი ატრიბუტიკითაც აღვიჭურვე, თუმცა საქართველოს დროშა ჯერ არ მიყიდია, ხვალ ვაპირებ.

ორი დიდი საყვირი და ერთი წრიპინა სასტვენი : )

თამაში როგორც მოგეხსენებათ ტრაპზონში, თურქეთში გაიმართება, აქჩაბაათის სტადიონზე.  იგი სამწუხაროდ მცირერიცხვოვან მაყურებელს იტევს. აი მისი ფოტოებიც:

დაახლოებით 5,000-მდე ქართველი ჩავა თურქეთში. საქართველოს ნაკრები მასპინძელ გუნდათ ითვლება და შესაბამისად რუსებს ცოტა ბილეთები შეხვდათ გადანაწილებისას (დაახლოებით 500). 2000 ბილეთი გასაყიდად გამოვიდა, რომლის უმრავლესობა ისევ ქართველებმა “დაიტაცეს” : )

ასე რომ, რუსების ხმას იოლად გადავფარავთ !

მთავარია რაგბისტებმა მოიგონ! მაგრამ ამაში ეჭვი არ მეპარება !

რაც არ უნდა ბევრი იძახონ ამ მატჩს მხოლოდ სპორტული დატვირთვა აქვსო, მაინც ყველამ იცის, რომ ამ მატჩის მოგებით, გულს კარგად მოვიფხანთ… და თუ დიდი ანგარიშით მოვიგებთ, დაახლოებით 5 ლელოთი მაინც, მაშინ ეს 5 “ისკანდერის” ექვივალენტი იქნება რუსებისთვის.

წინ გამარჯვებისკენ! : )

გურჯისტან კაზანაჯაკ ! (თურქ: საქართველო გაიმარჯვებს!)

20 მარტს ყველა ტრაპზონში! ან თბილისი სითი ჰოლში (ფილარმონია) !

Advertisements

თბილისის სუნიანი ქუჩები

March 17, 2010

ჰოო.. ეს კი ნამდვილად რომ მტკივნეული პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის… სადარბაზოები, მიწისქვეშა გადასასვლელები, რაიმე ჩიხი (ე.წ. “ტუპიკი”) და ა.შ.
ახლა კიდე გამოსწორდა ცოტა სიტუაცია, თორე ადრე შარდის ნაცვლად, სხვა რამესაც ნახავდით, თან ისეთ საოცარ ადგილას, გაგიკვირდებოდა აქ რამ ჩაასკუპაო : )

ჰო… აბა გიჭირდეს 😀 თუ არ ჩასკუპდები, მაგასაც ვნახავთ (ეს ისე, ხუმრობით)…

დასუფთავების სამსახურს ვერაფერს დავაბრალებთ. პრობლემა ისევ ჩვენში უნდა ვეძებოთ…
თუ ძალიან გიჭირს რა უნდა ქნა? რაიმე დაწესებულებაში მაინც შედი… ქუჩაში მოშარდვას და მითუმეტეს “იმას” ( 😀 ) მაინც სჯობს…

რა სასიამოვნოა აბა სუნიან “პაძემკაში” გავლა? ან სახლში ყველი ასვლისას ამ ნარნარი სურნელის შესუნთქვა?

რავიცი… მგონი დროა შევიცვალოთ…

ეროვნული სიმბოლოები (ელიას კანეტი) – ნაწილი 2

March 16, 2010

დღეს ვაგრძელებ წინა პოსტს.

აქ ელიას კანეტი ახასიათებს შვეიცარიელებს, ესპანელებს, იტალიელებს და ებრაელებს.

შვეიცარიელები. თუ არსებობს სახელმწიფო, რომლის ეროვნული მონოლითურობა არ შეიძლება სადავო გავხადოთ, ეს არის შვეიცარია. პატრიოტული გრძნობა შვეიცარიელებში უფრო ძლიერად არის განვითარებული, ვიდრე ერთ ენაზე მოლაპარაკე ერებში. ვერც ერთიანი ენის არქონამ, ვერც ქვეყნის შიდა ტერიტორიულმა დაყოფამ, ვერც სოციალური სტრუქტურების განსხვავებამ, ვერც რელიგიურმა საზღვრებმა და თვით ომებმაც კი, რომელთა ხსოვნა ჯერ კიდევ ცოცხლობს,- ვერაფერმა ვერ შეარყია შვეიცარიელთა ეროვნული თვითშეგნება და ერთიანობა… მთები – დაშორიშორებულ მწვერვალთა თხემები ქვემოთ ერთიან გიგანტურ სხეულად იკვრებიან. ეს ცოცხალი სხეული ქმნის ქვეყანას.

ესპანელები. როგორც ინგლისელი ხედავს თავის თავს კაპიტნად, ისე ხედავს ესპანელი თავის თავს მატადორად.  მაგრამ ზღვის მაგივრად ხართან შეჭიდებულ ადამიანს გარს აღტაცებული ხალხი ახვევია. მხეცი, რომელიც მან უნდა განგმიროს კეთილშობილი ხელოვნების ყველა წესის დაცვით, ლეგენდიდან მოსული ვერაგი ურჩხულია. მებრძოლი შიშმა არ უნდა შეიპყროს: აქ თავდაჭერილობა ყველაფერია. ათასობით თვალი უჭვრეტს და განსჯის მის ყოველ მცირე მოძრაობას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს დრომდე შემორჩენილი რომაული არენა…

იტალიელები. იტალია შეიძლება იმის მაგალითად გამოდგეს, თუ როგორ უჭირს ერს, რომლის ლაქები დასახლებულია წარსული დიადი მოგონებებით, როგორც აჩრდილებით და დღევანდელობა არეულია ამ მოგონებებში. ამფითეატრი კარგად შემონახული ნანგრევებია, მაგრამ მის შიგნით ადამიანი მიტოვებულად და უსარგებლოდ გრძნობს თავს.  სამაგიეროდ მეორე რომს – წმინდა პეტრეს რომს – სულაც არ დაუკარგავს თავისი ადრინდელი მიმზიდველობა.

ებრაელები. არ არსებობს ხალხი, რომლის გაგება უფრო ძნელი იყოს, ვიდრე ებრაელებისა. ისინი მთელ დედამიწაზე დაიფანტნენ, როცა საკუთარი სამკვიდრო დაკარგეს. რაში გამოიხატება  მათი განსაკუთრებულობა, რა ხდის მათ ებრაელებად, რა არის ის მთავარი რამ, რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებს, როცა ისინი საკუთარ თავს ეუბნებიან: “მე ებრაელი ვარ!” ეს მთავარი რამ მათი ისტორიის დასაწყისს  უკავშირდება და უცნაურად მეორდება მთელი ისტორიის მანძილზე: ეს არის ეგვიპტიდან გამოსვლა. უდაბნოში წლობით მოხეტიალე ხალხის სახება იქცა ებრაელთა მასობრივ სიმბოლოდ. იგი ისეთივე ნათელი და ხელშესახები რჩებოდა, როგორიც უძველეს დროს იყო. ხალხი თავის თავს ერთად ხედავს ჯერ კიდევ მანამდის, ვიდრე დაიფანტებოდა, ხედავს თავის თავს გზაში, ხეტიალში, ამ მდგომარეობაში მყოფი იღებს იგი თავის კანონებს. მის წინაშე იკვეთება მიზანი, რომელიც მთელი მასისთვის საერთოა…

შემდგომი პოსტი მიეძღვნება ქართველებს… მათ ჯანსაღ კრიტიკას და ამავე დროს, რაღაც მომენტებში ქებასაც… ობიექტურ პოსტს იხილავთ ! ! !

ეროვნული სიმბოლოები (ელიას კანეტი) – ნაწილი 1

March 15, 2010

ელიას კანეტი მეოცე საუკუნის ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი და კულტუროლოგი.

შემოგთავაზებთ მის “ეროვნულ სიმბოლოებს”, რომელთაგან ზოგს ვეთახმები, ზოგს არა. მაშ ასე:

“ადამიანი, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ კონკრეტულ ერს მიეკუთვნება, მარტოხელად არ იგრძნობს თავს. ერს, რომლის თანაზიარიც ადამიანია, აქვს თავისი მასობრივი სიმბოლო. ამ სიმბოლოს მუდმივობით, იმით, რომ იგი ყოველთვის საჭირო მომენტში წამოტივტივდება ხოლმე, გამოიხატება ერის თვითშეგნების უწყვეტობა.

ინგლისელები. უფრო გონივრული იქნება, თუ ისეთი ერით  დავიწყებთ, რომელიც თავის თავზე არ ყვირის, მაგრამ, ეჭვსგარეშეა, დღეს დედამიწაზე არსებულ ხალხთაგან ყველაზე უფრო მტკიცე ეროვნულ გრძნობას ავლენს. ეს ერია ინგლისელები. ყველამ იცის, თჲ რას ნიშნავს ინგლისელისთვის ზღვა. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, როგორ კავშირშია ერთმანეთთან ინგლისური ინდივიდუალიზმი და ინგლისელთა  დამოკიდებულება ზღვასთან. ინგლისელი თავის თავს ხედავს გემზე, ადამიანთა ჯგუფთან ერთად. იგი კაპიტანია. მის ირგვლივს და მის ქვეშ კი ზღვა არის. იგი თითქმის მარტოა, მრავალი თვალსაზრისით ეკიპაჟისგანაც კი იზოლირებულია, ვინაიდან კაპიტანია. მაგრამ ზღვაზე მბრძანებლობს და ამაშია გამოხატული მთელი მისი არსი.

ჰოლანდიელები. ჰოლანდიას მოუხდა ზღვისთვის წაერთმია მიწა, ვიდრე მასზე დამკვიდრდებოდა. ნაპირი იმდენად დაბალი იყო, რომ საჭირო გახდა ზღვისგან მისი კაშხლით დაცვა. მამაკაცთა მასა თვითონაც დაემსგავსა კაშხალს. ისინი ყველანი ერთად დგანან ზღვის პირისპირ და კაშხალი მათ შეგნებაშიც განაგრძობს არსებობას. ჰოლანდიელებს აქვთ საოცარი და მარადიული უნარი იმისა, რომ საშიშროების ჟამს თავიანთი საზღვაო საზღვრები თავიანთ სულში დაიცვან. ჰოლანდიელისათვის საფრთხე მუდამ ზურგს უკანაა (!). მისთვის ზღვა არასოდეს დამორჩილებული სტიქიონი არ ყოფილა. იგი ბეჯითად კვალავდა მას ყველა მიმართულებით, მაგრამ როგორც კი სახლს დაუბრუნდებოდა, ყოველთვის შეიძლებოდა მისი მსხვერპლი გამხდარიყო. ჰოლანდიელს შეეძლო შეგნებულად შემოებრუნებინა ზღვა თავის თავისვე წინააღმდეგ, ოღონდ კი ამით მტრის შეტევა მოეგერიებინა.

გერმანელები. გერმანელთა მასობრივი სიმბოლო იყო ჯარი. (ეხლა “განსაკუთრებით”. დადედლებული გერმანია, ფუ..) მაგრამ ჯარი ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ჯარს. ეს იყო მარშით მიმავალი ტყე. მსოფლიოს არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში არ შემორჩენილა ტყის ისეთი ცოცხალი გრძნობა, როგორიც გერმანიაშია. აშოტილი ხეები, მათი სიმტკიცე და სიხშირე, მათი აურაცხელობა გერმანელის გულს ღრმა და იდუმალი სიხარულით ავსებს. იგი დღესაც იმ ტყეში ეძებს თავშესაფარს,  სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ და გრძნობს, რომ ხეებთან ერთად არსებობს. აქ ას არაფრის არ ეშინოდა; მწყობრში იგი უშიშრად გრძნობდა თავს. ხეთა სისწორე და უდრეკობა სამაგალითო იყო თვის მისთვის. არ უნდა უგულებელვყოთ ტყის რომანტიკის ზეგავლენა გერმანელებზე.  ამას ისინი ისისხლხორცებდნენ ასობით სიმღერასთან და ლექსთან ერთად და ტყეს, რომელზეც აქ იყო ლაპარაკი, გერმანული ტყე ეწოდებოდა.

ფრანგები. ფრანგების მასობრივი სიმბოლო ისტორიულად ახალია.  ეს არის მათი რევოლუცია. ყოველ წელიწადს ზეიმობენ თავისუფლების წლისთავს.  ადამიანებს, რომლების, კაცმა რომ თქვას,  სულაც არ არიან უფრო თავისუფალნი და თანასწორნი, არ არიან ერთმანეთისთვის იმაზე უფრო ახლობლები, ვიდრე სხვა ქვეყნების მკვიდრები, შეუძლიათ ამ დროს ჩათვალონ,  მართლაც თავისუფალნი და თანასწორნი ვართო… წარსულის უაღრესად პოპულარული მოვლენა ფრანგების თვითგამოხატვის საშუალებად იქცა. ეს იყო ის დამახასიათებელი რამ, რაც მათ სხვებისგან განასხვავებდა… და როცა მოხდა სხვა რევოცულია  – რუსეთის, ფრანგების ეროვნულ განწყობილებაში სიცარიელე გაჩნდა.”

ასე დავასრულებ პირველ ნაწილს. შემდეგ ნაწილში იხილავთ  შვეიცარიელების, ესპანელების, იტალიელების და ებრაელების დახასიათებებს. შემდგომში კი ცალკე პოსტს ქართველებს მივუძღვნი, ოღონდ ამჯერად ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე…

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

"იმედი" და "იმედის" შეცდომის მოიმედენი…

March 14, 2010

გუშინ “ალისაზე” ვიყავი და სახლში რომ მოვედი, ერთი ამბავი დამხვდა… ესაო ისაო, იმედზე ეს აჩვენესო…
ჩემი შეხედულება ამ თემაზე:

1. ჩემი აზრით, აღარ იყო საჭირო ზედმეტი ხაზგასმა იმისა, რომ რუსეთიდან საფრთხე გვემუქრება. ეს ისედაც გასაგებია და სპეციალური რეპორტაჟების და საშინელი დღის სიმულაცია სულაც არ იყო საჭირო.
2. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხსენებინათ ჯარში ამბოხი, ან მსგავსი რამ.
3. რეპორტაჟი ძალიან გაწელილი იყო და ისეთ ტონალობაში მიმდინარეობდა, რომ სინამდვილე გეგონებოდა.
4. მართალია თავიდან გამაფრთხილებელი განცხადება გაკეთდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
5. ჩემთვის მიუღებელია გადაცემის მონაწილეთა წინააღმდეგ რაიმე ზეწოლა.
მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ ამის შესახებ. და საშინლად გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ იქ შეკრებილი ხალხი ყველა მოღალატეა, გარდა ლაშა ტუღუშისა, რომელიც ოპოციზიის გარკვეულ ფენებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. თურმე ტუღუში გმირია და დანარჩენები მოღალატეები.
6. ბურჯანაძეს რა ესაქმებოდა იმედთან, ჩემამდე არ დადის… ან იქ შეკრებილმა ხალხმა როგორ გაიჩერა გვერდზე, არც ეს ვიცი…

დასკვნა: ეს იყო დიდი შეცდომა, რომლის გამოც გარკვეულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. მაგრამ საზოგადოების რექციაც გადაჭარბებული იყო მე თუ მკითხავთ… იმ ავადსახსენებელ რეპორტაჟში ძველი კადრები იყო და ხშირად ახსენებდნენ ივნისს… ანუ მიხვდებოდი რომ ეს იმიტაცია იყო. თუმცა ეს არავითან შემთხვევაში არ ამართლებს სიუჟეტის ავტორთა დაუკვირვებლობას და არაპროფესიონალიზმს.

მაგრამ გუშინდელმა დღემ დაგვანახა ჩასაფრებული, გაუბედურებული ოპოზიცია, რომელიც რაღაცა პატარა შეცდომას ეძებს და ამაზე აწყობს თავის პიარს. არჩევნებში დაქსაქსულები ისევ ცდილობენ ახალი მუხტი ააგორონ და ეგრეთწოდებული “ომობანა” ითამაშონ “მკვდარ ქალაქში”.

პ.ს. კიდევ ერთი რამ: გუშინ მაესტროს ვუყურებდი და ერთი “პროფესიონალი” ჟურნალისტი სულ გაიძახოდა “ინსპირირებულ რეპორტაჟს”.
შე კაი ადამიანო, თუ სხვას სთხოვ პროფესიონალიზმს, ის მაინც იცოდე, რას ნიშნავს “ინსპირაცია”…. რა შუაშია საერთოდ აქ ეს სიტყვა? იხმარე “იმიტაცია”, “ინსცენირება”, “მოდელირება” ან “სიმულაცია”.

მოკლედ, გუშინდელმა დღემ ჟურნალისტიკის სფეროში არსებული დიიიიიდი პრობლემებიც გვანახა, შეცდომის “მო-იმედ-ენეიც”, და დაპანიკებული საზოგადოება…

თუმცა ეს ყველაფერი ჩაივლის…

ალისა და ჩემი იმედგაცრუება…

March 14, 2010

“ალისა საოცრებათა სამყაროში”-ზე ვიყავი და უნდა ვაღიარო დიდად არ მომეწონა…
მანამდე ცნობილი მულტფილმის ემოციით ვიყავი დამუხტული და ამ სამგანზომილებიანმა მასხრობამ ჩემზე დიდად ვერ იმოქმედა : )

ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზა, რომლსაც ველოდი, ვერ გავიგონე! არ გადაუღიათ! დამპლები !
გაინტერესებთ რა ფრაზა?
“დღეს თქვენი არდაბადების დღეა!” -ამის გარეშე ალისა ის ალისა არ არის, მე რომ მიყვარს : )

Search Engine Optimization – Internet Marketing

March 12, 2010

რა არის SEO (Search Engine Optimization) ?

Search Engine Optimization – ეს არის საიტის განვითარების, ტრაფიკის მოზიდვის, და ზოგადად საიტის ხელმისაწვდომობის და პოპულარიზაციის პროცესი.

როგორ გამოვიყენოთ?

მე ამ ბლოგზე გავაკეთე შესაბამის გვერდი, რომელშიც რამდენიმე SEO სტატისტიკის Tool-ია მოცემული. მათი მეშვეობით თქვენ წარმოდგენა შეგექმნებათ თქვენი საიტის დონეზე, PageRank-ზე, და ა.შ. თქვენ დაინახავთ სად აქვს ჩავარდნა თქვენს საიტს, რა შეიძლება გააუმჯობესოთ, რა არის თქვენი საიტის სიჩქარე და ა.შ.
აქვე მოცემულია მეტა-ტეგების გენერატორი.

რა არის PageRank-ი?
ეს არის საიტის დონე,მისი ოპტიმიზაციის მიხედვით. აქ ბევრ რამეს ექცევა ყურადღება. მაგალითად ბექლინკებს (Backlinks), სტატიის უნიკალურობას და ა.შ. ანუ ეს არის საიტის დონის ზოგადი მონაცემი.
PageRank-ი 0-დან 10-მდეა. 10-ს თუ მიაღწევთ, ჩათვალეთ, რომ გუგლის წილში ზიხართ : ))

რითია მნიშვნელოვანი PageRank-ები?
მათი აწევა მნიშვნელოვანია თქვენი საიტის პოპულარიზაციისა და ოპტიმიზაციისთვის.
ელემენტარულ ენაზე რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ, თქვენ შედიხართ გუგლზე, და ეძებთ სტატიას, ვთქვათ, იხვნისკარტაზე. თქვენ წერთ იხვნისკარტას და ეძებთ. გუგლი გთავაზობს საიტების ჩამონათვალს. სწორედ აქ აქვს PageRank-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ თქვენი PageRank-ი მაღალია, ანუ სადღაც 3-4 ან 5 ია, მაშინ თქვენ მოცემულ საიტთა სიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი შეიძლება დაიკავოთ. ეს ნიშაზეცაა დამოკიდებული. ანუ ვთქვათ სიყვა “სექსს” დღეში 100-ჯერ მეტი ადამიანი ეძებს გუგლში, ვიდრე იხვნისკარტას. შესაბამისად კონკურენცია “სექსს” უფრო მეტი ექნება, ვიდრე “იხვნისკარტას” და შეიძლება ისე მოხდეს, რომ თქვენი PageRank-ი იყოს 1 ან 2, ან საერთოდაც 0, და თქვენ პირველ გვერდზე ამოგაგდოთ გუგლის საძიებო მანქანამ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიტყვა იშვიათად გამოიყენება და მასზე ნაკლებია მონაცემები, სტატიები, გვერდები და საიტები.

ბევრი ცდილობს თემატური ბლოგების ან საიტების კეთებას იმიტომ, რომ თავიანთი გარკვეული ნიშა აირჩიონ, და იმას “მიაწვნენ”. ანუ პირველები იყვნენ ერთ რამეში. და მე თუ მკითხავთ, ეს სწორეცაა…

მოკლედ, მეთვითონ არ ვიცი ზედმიწევნად SEO-ს “მრწამსი”, თუმცა რაც ვიცოდი გითხარით….

ჰოდა, თუ ეს გვერდი გამოგადგათ, მაშინ მომწერეთ და სხვა “Tool”-ებსაც დავამატებ…

SEO-ს მცოდნეთა საყურადღებოდ ! თუ რამე შემეშალა – შემისწორეთ! მეც ხომ ნელ-ნელა ვსწავლობ : )

Search Engine Optimization & Webmaster Tools

ფიგურალური გამოთქმები

March 12, 2010

იცით რას ნიშნავს ბალამის ვირი?  ან იანუსი ? ანდაც პასკვილი? თუ არ იცით, და გინდა იცოდეთ, მაშინ მე გთავაზობთ  ფიგურალური გამოთქმების მოკრძალებულ, მაგრამ საკმაოდ ნორმალურ კრებულს, რომელსაც ბლოგზე ცალკე გვერდი აქვს მიძღვნილი.

ფიგურალური გამოთქმების გვერდი

აქ გაიგებთ, თუ საიდან მომდინარეობს ისეთი გამოთქმები, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად ვიყენებთ, ან ყოველდღიურად ვაწყდებით საუბარში. არის შემთხვევები, როცა წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა, გამოთქმა.

ჰოდა მე ცოტას დაგეხმარებით…

მაგალითისთვის, იცით თუ არა საიდან მომდინარეობს სიტყვა ჰულიგანი/ხულიგანი ? არა ხომ?

აი რას ნიშნავს ხულიგანი და სად წარმოიშვა იგი:

ჰულიგანი/ხულიგანიქუჩის ავარა, გამოუსწორებელი უწესო, უსაქციელო, უხამსი, უშვერი

მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, გვარად ჰულიგანი, რომლის წევრები ცნობილი იყვნენ, როგორც გამოუსწორებელი უწესონი, უსაქციელონი, უხამსნი, უშვერნი, და ეს გვარი ნელ-ნელა ასეთი ზნის ადამიანების საზოგადო სახელად იქცა.

ამ გვარის გადაქცევამ საზოგადო სახელად ხელი შეუწყო იმან, რომ ჰულიგანის ოჯახის შესახებ შეითხზა სახუმარო სიმღერა, რომელიც „კომიკურად“ აღწერდა მათ „ვაჟკაცობას“. სიმღერას ხალხურ საესტრადო თეატრში ასრულებდნენ და ამრიგად მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ჰულიგანი მკვიდრდებოდა, როგორც ქუჩის ავარას აღმნიშვნელი სიტყვა. შემდეგ ინგლისურიდან ეს სიტყვა ამავე მნიშვნელობით გადავიდა სხვა ენებში.

მგონი უინტერესო არ უნდა იყოს, არა?

მსგავსი სიტყვები და გამოთქმები ურიცხვია, თუმცა მის პატარა ნაწილს შეგიძლიათ ჩემთან გაეცნოთ…

მოკლედ, ეს პოსტი, ფიგურალური გამოთქმების პოპულარიზაციას ემსახურება : ))

ჰოდა აი ისინიც !     ფ ი გ უ რ ა ლ უ რ ი    გ ა მ ო თ ქ მ ე ბ ი

ალექსანდრე ქართველიშვილი

March 12, 2010

F-105 Thunderchief

ძალიან ცოტამ თუ იცის ამ პიროვნების შესახებ. ისიც ალბათ ყურმოკრული ექნებათ. მე ძალიან მოკლედ, გიამბობთ მის შესახებ…

ალექსანდრე ქართველიშვილი (1896-1974) იყო ამერიკული ავიაციის ერთ-ერთი მამა.
იგი თბილისშია დაბადებული. სკოლაც აქვე დაამთავრა. სკოლის შემდეგ, 1892 წელს ჩააბარა საავიაციოზე, პარიზში. გარკვეული დროს განმავლობაში იგი მუშაობდა ადგილობრივ კომპანიაში და შექმნა “ბერნარი” და “ფებრუა”.
1924 წელს, ერთ-ერთმა მისმა შექმნილმა თვითმფრინავმა დაამყარა მსოფლიოს რეკორდი სისწრაფეში.

1927 წელს, ამერიკელმა მილიონერმა, ჩარლზ ლევინმა, მიიპატიჟა ალექსანდრე ქართველიშვილი ნიუ-იორკში, სადაც იგი მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. 1931 წელს გაიცნო მეცნიერი, ალექსანდრე დე სევერსკი, და გახდა მთავარი ინჟინერი კომპანიისა ” Seversky Aircraft Corporation”.
1939 წელს, ამ კომპანიამ შეიცვალა სახელი და გახდა “Republic Aviation Company”.
ეს დუეტი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში და მის მერეც ქმნიდა სხვადასხვა მოდელებს. მათგან ყველაზე ცნობილია Republic P-47, Republic F-84 Thunderjet და Republic F-105 Thunderchief.

ალექსანდრე ქართველი(შვილი) გარდაიცვალა 1974 წელს, ნიუ-იორკში.

სხვათაშორის, სევერსკიც თბილისშია დაბადებული : )

ცოტა რამ ო'ჰენრის შესახებ

March 10, 2010

ცოტამ თუ იცის ვინ იყო უილიამ სიდნი პორტერი , მაგრამ ო’ჰენრი ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველას ეცოდინება, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა  მის შემოქმედებას…

სინამდვილეში კი უილიამ სიდნი პორტერი და ო’ჰენრი ერთი და იგივე პიროვნებაა. ო’ჰენრი მისი ფსევდონიმია, რომელიც სავარაუდოდ იმ ციხის (Ohio Penitentiary) შემოკლებაა, რომელშიც მან სამი წელი გაატარა…

ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ მოხვდა ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ციხეში.

იგი მოლარედ მუშაობდა ტეხასის ერთ-ერთ ბანკში. ერთხელაც, რევიზიის დროს, ხუთი ათასი დოლარის ოდენობის დანაკლისი აღმოუჩინეს და ფულის უმიზნოდ განკარგვა მას დაბრალდა.  ამის გამო იგი 1 წელი ჰონდურასში ემალებოდა მართლმსაჯულებას. აშშ-ში კი იმის გამო დაბრუნდა, რომ ცოლი გაუხდა ავად. პოლიციას ჩაბარდა. 5 წლის მაგივრად 3 წელი მოიხადა სასჯელი.  “კარგად მოქცევისათვის” ორი წელი მოუხსნეს…

მთავარი კი ისაა, რომ მან სწორედ ციხეში დაიწყო ამ მართლაცდა საოცარი მოთხრობების წერა…

იგი მოთხრობების ( short story ) დიდოსტატია. არ დაუწერია რაიმე მოზრდილი ნაწარმოები. სიკვდილის წინ თქვა, რომ რაც აქამდე დავწერე, ამ დიდი წიგნისთვის მზადებაა, ახლა რომ დავწერო, თუმცა არ დასცალდა.

იგი 1910 წელს, ნიუ-იორკში  გარდაიცვალა დიაბეტისა და ღვიძლის ციროზისაგან, უკიდურესად ღარიბი და მარტოხელა.

რაც შეეხება მის ნაწარმოებებს, ისინი, როგორც აღვნიშნე, ძირითადად მოთხრობებია, რომლებიც გამოირჩევიან მოულოდნელი, თავბრუდამხვევი დასასრულით, რაც ო ‘ ჰენრის მთავარი ხიბლია…

მისი მოთხრობებიდან გამოვარჩევდი “მოგვების ძღვენს” (Gift Of The Magi), “უკანასკნელ ფოთოლს” (The Last Leaf), “ნამდვილ ამბავს” (No Story) და “სანამ ავტო იცდისს” (While The Auto Waits).
ჩამოთვლილთაგან, ყველაზე ძალიან “მოგვების ძღვენი” მომეწონა… დაგანახებს ნამდვილ სიყვარულს, რომლისთვისაც მზად ხარ ყველაფერი გაიღო…
“უკანასკნელი ფოთოლი” კი მწერლის აღიარებული შედევრია… რომელიც გინდათ თუ არა, მაინც უნდა წაიკითხოთ : )

საბოლოო ჯამში, გიყვარდეთ ო’ჰენრი ! : )