Posts Tagged ‘სანსკრიტი’

ცოტა რამ იოგას შესახებ…

March 8, 2010

ჰო… რატომღაც მგონია, რომ იოგა საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. ამ ის ძირითადი მიზეზი, ჩემი აზრით, მის შესახებ მწირი ინფორმატიულობაა… ამ პოსტში (რომლის მიზანიც იოგას ცოტათი მაინც პოპულარიზაციაა) მე გამოვიყენე მასალები ვიკიპედიიდან და საკუთარი გამოცდილებიდან (რომელიც სამწუხაროდ  ასევე ძალიან მწირია).

იოგა ინდური კულტურის ნაყოფია და იგი ბუდიზმისა და ინდუიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. მისი მთავარი იდეა არის ადამიანის გასხივოსნება ანუ თეოზისი. იოგა, როგორც ასეთი, არის სულიერი და ფიზიკური სავარჯიშოების ერთობლიობა, რომლის მთავარი ზნეობრივი იდეალი  – ადამიანის თვითრეალიზაციაა.

რაც შეეხება მის ეტიმოლოგიას, სანსკრიტზე იგი “გაერთიანებას”, “კავშირის აღდგენას” ნიშნავს, მაგრამ მისი ფუძე “იოჯ” ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და “ვარჯიშს” და “განსწავლასაც” ნიშნავს…

იოგას წარმოშობის და მისი ისტორიის შესახებ აქ არ მოვყვები, რადგან ბევრისთვის უინტერესო იქნება.

უბრალოდ იოგას სისტემაზე მსურს ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ.

იოგას კლასიკური სისტემა 8 ძირითადი საფეხურისაგან შედგება: იამა, ნიიამა, ასანა,პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა,დჰიანა, სამადჰი. ამათაგან თითოეულს  გააჩნია საკუთარი ქვედონე. ამ 8 ძირითადი საფეხურის გავლა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს მაღალ დონეზე დაეუფლოს ამ ხელოვნებას.

ყოველი საფეხური  მოიცავს სულიერი თუ მორალური წესების დაცვის აუცილებლობას.

იამა- ეს არის იოგას მიმდევარის თავისებური ეთიკა. თუმცა, იამა არა უბრალოდ ”ქცევის წესები” და ”თავის დაჭერის ნორმებია”, არამედ მძლავრ ფსიქიკურ ენერგიებთან ურთიერთობისას საჭირო ერთგვარი უსაფრთების მექანიზმია.

იამა 5 ძირითად საფეხურს მოიცავს:

აჰიმსა – არ ავნო;

სატია – სიმართლე, სიმართლის დაცვა, სიცრუისაგან განრიდება;

ასტეია – არ იქურდო;

ბრაჰმა-ჩარია – სქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება, სხვა განმარტებით, მოძღვრის პატივისცემა.

და 6 დამატებითი საფეხური:

კარუნა – თანაგრძნობის პრინციპი;

აბჰაია – უსაფრთხოება;

აკროდჰა – მძვინვარებისაგან განყენება;

მაიტრი – კეთილგანწყობა;

ატმიატა – ერთობის პრინციპი;

მუდიტა – აღტაცების პრინციპი.

ნიიამა- არის არა თვისებები, რომელიც უნდა განავითაროს იოგინმა, არამედ თავისებური გზაა, სათნოებები, რომელთაც ის თანდათანოიბით ეუფლება.

ნიიამა მოიცავს 5 ძირითად საფეხურს:

შაუჩა – სისუფთავე, სიწმინდე;

სანტოშა – კმაყოფილება;

ტაპასია – თვითშეზღუდვა;

სვადჰაია – საკუთარი თავის შესწავლა, თვითშესწავლა;

იშვარა პრატიახარა – ღმერთის, პირადი იშვარას თაყვანცემა.

და ზოგი წყაროს მიხედვით, 7 დამატებით საფეხურს:

სამუმანასია – კეთილმოსურნეობა;

მან-დჰატარ – დაკვირვებულობა;

ნირაგა – ვნებათაგან განყენება;

ავაშა – დამოუკიდებლობა, სხვაზე ნებისმიერი სახის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება;

მანტრა-ვიდ – მანტრების ცოდნა;

დამსანავატ – ზეძალის ფლობა;

ნიშპრატიდვანდა – მტრის, მოწინააღმდეგის, მოქიშპეს არყოლა.

ასანა-სხეულის სტატიკური მდგომარეობა. ასანა იოგის ერთ-ერთი ძირითადი საფეხურია. მედიტირება შეუძლბელია მაშინ, როცა სხეული მოუხერხებელ მდგომარეობაშია და ძნელდება აზრის მოკრება. ასანებში გავარჯიშება სასარგებლოა ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოოლოგიური სიჯანსაღისათვისაც.

პრანაიამა – სუნთქვის კონტროლი. პატანჯალის თქმით, პრანაიამაზე გადასვლა მხოლოდ მაშინ შეიძება, როცა ასანები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. ვივეკანანდას განმარტებით, სუნთქვაზე კონტროლით იწყება კოსმოსური ენერგიის, პრანას ათვისება.

პრატიაჰარა – განყენება და გრძნობათა კონტროლი, საგნებიდან გრძობათა მოწყვეტა, შეგრძნებათა თავის თავში მჩაბრუნება.

დჰარანა – კონცენტრაცია. ამ საფეხურზე გონება სრულ კონცენტრირებას ახდენს ერთ ნივთზე, აზრზე ან შეიძლება ღმერთზე.

დჰიანა – მედიტაცია. როცა იოგას მიმდევარი დაეუფლება სრულ და ღრმა კონცენტრაციას, მას შეუძლია დაინთქას მედიტაციაში, რაც თავის მხრივ, შემდეგი საფეხურის კარს ხსნის.

სამადჰი – ეს არის იოგას კულმინაცია, ცნობიერების უმაღლესი საფეხური, სამყაროსთან მიმართებისა და სამყაროს შემეცნების პრინციპულად განსხვავებული ფორმა.

ხოლო რაც შეეხება იოგას სკოლებს და მიმდინარეობებს, ამაზე მოკლედ:

კლასიკური იოგა, ანუ პატანჯალის იოგა, სინონიმებია ”რვასაფეხურიანი იოგა” და ”აშტანგა იოგა”;

ჯნანა-იოგა- შემეცნების იოგა. მისით ნათელი ხდება, რომ შემეცნება, შემმეცნე და სამეცნავი ერთიდაიგივეა;

კარმა-იოგა – მოქმედების შედეგთა იოგა;

კრიია-იოგა – მოქმედების იოგა;

კუნდალინი იოგა- ადამიანის ორგანიზმში მთვლემარე ძალთა გაღვიძებისა და მართვის იოგა;

ლაია-იოგა- ახლოს დგას კუნდალინი იოგასთან. მისი ამოსავალი ასევე არის სპეციფიური ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიების გაღვიძება;

რაჯა-იოგა- ყველა ადამიანურ შეგრძნებაზე, ფსიქიკაზე, ფიზიოლოგიაზე, ასევე მთელ სამყაროზე გაბატონების იოგა;

საჰაჯა-იოგა-მედიტაციური პრაქტიკაა, რისი საშუალებითაც ადამიანის ევოლუციური და სახეობრივი ამაღლება ხორციელდება;

ხატჰა-იოგა – სხეულის ვარჯიშის და გაჯანსაღების იოგა;

ტანტრა – ტანტრები ძველ ინდური ტექსტებია, სადაც გადმოცემულია თავისებური მაგიური რიტუალები.

ფიტნეს-იოგა-თანამედროვე დასავლეთში მოდებული გამაჯანსაღებელი იოგა.

მგონი უპრიანი იქნება თუ დაიწყებთ ამ მეცნიერების შესწავლას. იგი შეგძენთ ბევრ რამეს, დაწყებული ფიზიკურიდან, დამთავრებული სულიერი სიჯანსაღმდე.